Powered By Blogger

Sunday, December 6, 2015

მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.“
ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს.“
ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე.“
ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.“
შენი გაშიშვლებული სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს.“
„– მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობაეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლიაებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.“
                                                                                                      -ჩარლი ჩაპლინი

Thursday, November 5, 2015

ამადეო მოდილიანი

















ჟანა ებიუტერნი, ქალი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მოდილიანის მიუძღვნა, მის ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ მაინც  არაოფიციალური ცოლის სტატუსით შემორჩა ისტორიას. ჟანამ და მოდიმ ერთმანეთი 1917 წელს გაიცნეს და მალე ერთად დასახლდნენ. მაშინ ჟანა 19 წლის, სახვითი ხელოვნების სკოლის სტუდენტი იყო. ჟანას მოდილიანის ბევრი პორტრეტი აქვს დახატული.
რამდენიმე წლის წინათ კი ნიუ-იორკის იმპრესიონისტებისა და მოდერნისტების აუქციონზე, მოდილიანის მუზისა და საყვარლის, ორსული ჟანა ებიუტერნის პორტრეტი 31 მილიონ დოლარად გაიყიდა...
ჟანას მამა პარფიუმერულ ფირმაში მუშაობდა. ჟანას ძმა, ანდრე, მხატვარი იყო. მისი ნახატები ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი.
ქალებისმოყვარულ, ლოთ, ჰაშიშით გაბრუებულ, მით უმეტეს ებრაელ  სასიძოს, ჟანას მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ. ჟანამ ამადეოს გულისთვის ყველაფერი დათმო.  მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან გადავიდა საცხოვრებლად.  მაშინ ამადეო ძალიან ბევრს სვამდა და ავადმყოფობდა. ჟანაში   ერთადერთი, რეალური და სულიერი მეგობარი იპოვა, რომელთანაც ჭეშმარიტი სიყვარული აკავშირებდა. ეს ქალი მოდილიანის შემოქმედების განუყოფელი ნაწილია, ის მოდილიანის 20-მდე ნახატშია. ჟანა ცდილობდა მოდის ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ მოდიმ ვერც ამ დიდი სიყვარულის გამო თქვა უარი ბოჰემურ ცხოვრებაზე.
მოდი და ჟანა ლუქსემბურგის ბაღთან დასახლდნენ. ფული არ ჰქონდათ. ტუბერკულოზის გამო მისი ჯანმრთელობა სულ უფრო სუსტდებოდა. ჟანას მშობლების დახმარებით, წყვილი მოდის სამკურნალოდ, ნიცაში გაემგზავრა. იქ მათ გოგონა შეეძინათ. ჟანამ და მოდიმ ვერ მოასწრეს კანონიერი ცოლ-ქმარი გამხდარიყვნენ, ამიტომ მათ გოგონას რეგისტრაციისას დედის სახელი, ჟანა ებიუტერნი ჩაუწერეს.
ამადეო ნიცაში უკეთ არ გამხდარა. პარიზში დაბრუნებულმა ისევ სმა დაიწყო. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდნენ და ამიტომ ბავშვი ჟანას მშობლებმა წაიყვანეს. იმ პერიოდში მოდილიანის პირველი და უკანასკნელი გამოფენა გაიმართა, სადაც, 12 ნახატი გამოიფინა. მათგან რამდენიმე გაიყიდა.
ერთხელ, მოდი მეგობრის დედასთან მივიდა, სასმელი სთხოვა და ებრაულად რაღაც უმღერა. ფიქრობენ, რომ ეს ებრაული რექვიემი იყო - ერთადერთი, რაც მოდილიანის ურწმუნო ოჯახში იცოდნენ.
1920 წელს მოდილიანის და ჟანას გაუჩინარება მეზობლებმა შენიშნეს. 24 იანვრის საღამოს, ერთ-ერთმა მათ კარზე დააკაკუნა. არავინ უპასუხა. შიგნით შესულმა, საწოლში მძიმედ დაავადებული მოდილიანი ნახა, რომელსაც სასოწარკვეთილი ჟანა მთელი სხეულით ეკვროდა.
მოდი ღატაკთა თავშესაფრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში გარდაიცვალა. თავზარდაცემული ჟანა მასთან საავადმყოფოში მიიყვანეს. მან მოდის დიდხანს, თვალმოუცილებლად უყურა. შემდეგ მშობლების სახლში წავიდა. მეორე დილით 20 წლის ჟანა მეხუთე სართულიდან გადმოხტა... ამ დროს ის მეორე ბავშვზე, ცხრა თვის ორსული იყო.
ამადეო მოდილიანი პერ ლაშეზის სასაფლაოზე დაასაფლავეს. სიღარიბეში გარდაცვლილი მოდი, მხატვრებმა პომპეზურად დაკრძალეს. ჟანა მეორე დღეს პარიზის შემოგარენში დაასაფლავეს. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით გადაასვენეს და მოდის გვერდით დაკრძალეს. მათი შვილი ჟანა, ამადეოს ნათესავებთან გაიზარდა.